მიკელ არტეტა - ამ სეზონში განსაკუთრებული მიღწევა გვქონდა, თუმცა ყველაზე მთავარი, ჩემპიონთა ლიგა ხელიდან გავუშვით #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შესახებ ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ისაუბრა.
„ჩემი ფეხბურთელებით უზომოდ ვამაყობ. თუ გავითვალისწინებთ იმ ყველაფერს, რაც ამ სეზონში ერთად გადავლახეთ, მათ მართლაც უდიდესი ბედნიერება გვაჩუქეს. ჩემთვის დიდი პატივია ასეთი ბიჭების გაწვრთნა. მართალია, ამ სეზონში განსაკუთრებული მიღწევა გვქონდა, თუმცა ყველაზე მთავარი – ჩემპიონთა ლიგა ხელიდან გავუშვით.
მინდა, მივულოცო „პარი სენ-ჟერმენს“ და პირადად ლუის ენრიკეს, რადგან ვთვლი, რომ დღესდღეობით პსჟ პლანეტის საუკეთესო კლუბია. ის ინდივიდუალური ოსტატობა და ბურთით მოქმედების უნარი, რასაც მათი ფეხბურთელები ავლენენ, აქამდე არასდროს მინახავს. როდესაც უბურთოდ ხარ, მათ წინააღმდეგ ისეთ ზონებში გიწევს თამაში, რაც შენს თავდაპირველ გეგმაში საერთოდ არ შედიოდა, ისინი ამ სტილით მოქმედებას გაიძულებენ“, – ამბობს არტეტა.
მიმდინარე სეზონში მიკელ არტეტას „არსენალმა“ ინგლისის პრემიერლიგა მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე დაუმარცხებლად მივიდა.