მიკ შუმახერმა მამის ბოლიდი გაატარა (ვიდეო)

„ფორმულა 1“-ში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის – აბუ დაბის გრანპრის წინ გაიმართება აუქციონი, რომლის მთავარი ლოტი იქნება „ფერარის“ 2002 წლის ბოლიდი. ამ მანქანით ლეგენდარულმა გერმანელმა მიხაელ შუმახერმა თავისი შვიდი ტიტულიდან ერთ-ერთი მოიგო.

ბოლიდის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაგზავნამდე, მის საჭესთან დაჯდა მიხაელის ვაჟი მიკ შუმახერი. მამის ბოლიდის მართვამ ახალგაზრდა პილოტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მიკ შუმახერი „ფორმულა 2“-ის პილოტი გახლავთ.

უნდა აღინიშნოს, რომ მიხაელ შუმახერის ბოლიდის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება. ვარაუდობენ, რომ მანქანა 7.5 მილიონ დოლარად გაიყიდება.