მიკ შუმახერმა ლუის ჰემილტონს გაუსწრო

20:53, 03.04.2019

ბაჰრეინის ტრასაზე შედგა გერმანელი მიკ შუმახერის დებიუტი „ფერარის“ ბოლიდის საჭესთან. მიხაელ შუმახერის ვაჟმა 56 წრე გაიარა და მეორე დრო აჩვენა. ის მხოლოდ დღის ლიდერს – „რედ ბულის“ პილოტს მაქს ფერსტაპენს ჩამორჩა. მათ შორის სხვაობა 0.597 წამი იყო.

მიკ შუმახერმა რამდენიმე პილოტს გაუსწრო, რომლებიც დღეს ფორმულა 1-ის ჩემპიონატში გამოდიან, მათ შორის, აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, „მერსედესის“ ლიდერს ლუის ჰემილტონს.

ტესტების პირველი დღის შემდეგ, უმცროსმა შუმახერმა განაცხადა, რომ ჯერ არ არის მზად ფორმულა 1-ში გადასასვლელად.

„მე ახლა პირველი სეზონი მაქვს ფორმულა 2-ში. მინდა სრულად მოვემზადო ფორმულა 1-ში გადასასვლელად. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, როდის ვიქნები მზად. მინდა ნაბიჯ-ნაბიჯ ვიარო წინ. ფერსტაპენი უფრო სწრაფი იყო ტესტების დროს? მას მეტი გამოცდილება აქვს. სინამდვილეში, კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით. მიხარია, რომ საკუთარი ძალები უფრო მეტად ვირწმუნე“, – განუცხადა ფორმულა 1-ის ოფიციალურ გვერდს მიკ შუმახერმა.

მსგავსი