„ფორმულა 2“-ის პილოტმა, „ფერარის“ ახალგაზრდული აკადემიის მრბოლელმა მიკ შუმახერმა გერმანიის გრანპრის წინ, „ჰოკენჰაიმრინგზე“ რამდენიმე წრე გაიარა „ფერარის“ 2004 წლის ბოლიდით (F2004). სწორედ ამ მანქანით მოიპოვა კარიერაში მეშვიდე ტიტული მიკის მამამ – მიხაელ შუმახერმა.
„შესანიშნავი იყო. მამაჩემის სავარძელი იდეალურად მომერგო. ღიმილი არ მომშორებია სახიდან, მაშინაც კი, როცა საბურავები დავბლოკე. ეს მართლაც მაგარი იყო“, – განუცხადა „ფორმულა 1“-ის ოფიციალურ ვებგვერდს უმცროსმა შუმახერმა.
2004 წლის სეზონზე მიხაელ შუმახერმა 13 ეტაპი მოიგო და 34 ქულით აჯობა უახლოეს მდევარს, თავის თანაგუნდელ რუბენს ბარიკელოს.