მიკ შუმახერი „ფერარის“ ახალგაზრდული აკადემიის წევრი ხდება
მიკ შუმახერი „ფერარის“ ახალგაზრდული აკადემიის წევრი ხდება

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი „ფერარის“ ახალგაზრდულ აკადემიასთან კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. ამის შესახებ ვებგვერდ Motorsport-ის იტალიური განყოფილება წერს.

წყაროს ცნობით, 19 წლის პილოტს არჩევანი „ფერარისა“ და „მერსედესს“ შორის უნდა გაეკეთებინა და საბოლოოდ, უპირატესობა იტალიურ გუნდს მიანიჭა.

კონტრაქტი ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ უმცროსი შუმახერი ახლოსაა თავისი კარიერის მორიგ წინსვლასთან.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, მიკმა ევროპულ ფორმულა 3-ში ტიტული მოიპოვა. სულ ამ სეზონში მან რვა რბოლა მოიგო და ექვსჯერ ავიდა პოდიუმზე.

2019 წელს, შუმახერი ფორმულა 2-ში გამოვა საჯინიბო Prema-ს შემადგენლობაში, რომელშიც ადრე „ფერარის“ დებიუტანტი შარლ ლეკლერი ასპარეზობდა.