მიჩიგანში, მორმონთა ეკლესიაში სროლისა და ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა
მიჩიგანში მდებარე მორმონთა ეკლესიაში მომხდარი სროლისა და ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებული, თავდამსხმელი კი განეიტრალებულია.
სამართალდამცველების თქმით, საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეკლესიაში შესვლის შემდეგ მეტ გარდაცვლილს იპოვიან.
„რამდენიმე მსხვერპლი გვყავს, მსროლელი მოკლულია“, – აცხადებენ პოლიციაში, თუმცა თავდამსხმელის ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელენ.
ჯერ კიდევ უცნობია თავდასხმის მოტივიც. ახლა სამართალდამცველები მამაკაცის საკუთრებას ჩხრეკენ და მობილური ტელეფონის ჩანაწერებს ამოწმებენ. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 40 წლის მამაკაცია, რომელმაც ეკლესიას ცეცხლი განზრახ წაუკიდა.