მიჩიგანის შტატში აქციის მონაწილეები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრნენ
მიჩიგანის შტატში აქციის მონაწილეები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრნენ

მიჩიგანის შტატში შეიარაღებული დემონსტრანტები ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრნენ. როგორც „ბიბისი“ იუწყება, აქციის მონაწილეები კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ. მათ უმეტესობას პირბადე არ ეკეთა და სოციალური დისტანცია დაცული არ იყო. ზოგიერთი მომიტინგე შეიარაღებული იყო.

აღსანიშნავია, რომ მიჩიგანის შტატში, სახელმწიფო შენობებში იარაღის ტარება კანონით დაშვებულია. თუმცა, რამდენიმე მომიტინგე საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში შეჭრას შეეცადა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატების ნაწილს ჯავშანჟილეტი ეცვა.

„ამერიკელი პატრიოტების მიტინგზე“, როგორც აქციას ორგანიზატორები უწოდებენ, დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ მიჩიგანის შტატში ბიზნეს საქმიანობა პირველ მაისიდან აღდგეს.

„მოგვეცით მუშაობის უფლება“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ დემონსტრანტებს სიცხე გაუზომა, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლის უფლებას მისცემდა.

მიჩიგანის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა, კარანტინის რეჟიმის 15 მაისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო.

თუმცა, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა საკანონმდებლო ორგანომ გუბერნატორის განკარგულების დამტკიცებაზე უარი თქვა.

მიჩიგანში კორონავირუსის ეპიდემიას 3 788 ადამიანი ემსხვერპლა.