მიანმარში სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციების დროს სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა
მიანმარში სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციების დროს სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა

მიანმარში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ზე დაყრდნობით, „ევრონიუსი“ ავრცელებს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, მიანმარის უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს მასობრივად აკავებენ და სავარაუდოდ მათ წინააღმდეგ გადამეტებულ ძალას იყენებენ. გავრცელებული ცნობით, მიანმარის ყველაზე დიდ ქალაქ იანგონში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა და აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მიანმარში მსხვერპლი ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ოფიციალურად არის დადასტურებული.

გაერო მკაცრად გმობს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. სამხედროებმა ქვეყნის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დააპატიმრეს.