„მიალბის“ მწვრთნელი – „იბერია“ ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა #1TVSPORT

18:09, 21.10.2026

„მიალბის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეას ბრანსტრომმა და გუნდის ცენტრალურმა მცველმა, ტომ პეტერსონმა „იბერიასთან“ კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებული შეხვედრისთვის გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრეს.

ანდრეას ბრანსტრომი: „მოხარული ვარ ამ შესანიშნავ ქვეყანაში ჩამოსვლით, რომელიც ძალიან მოგვეწონა. „იბერიას“ შესახებ ვიცით, რომ კარგად ითამაშა კონფერენსლიგაზე და ეროვნულ ლიგაში გორის „დილასთან“.

ჩვენთვის ევროტურნირის ძირითად ეტაპზე სადებიუტო გამოსვლა ახალი გამოცდილებაა. პირველი მატჩი მოვიგეთ და ხვალაც იგივე მიზანი გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ „იბერიასთან“ რთულ შეხვედრას ველოდებით. შევეცდებით, სოლიდურად, დამაჯერებლად და დისციპლინირებულად ვითამაშოთ და სასურველ შედეგს ასე მივაღწიოთ.

„იბერია“ ძალიან ტექნიკური და სოლიდური გუნდია. გამოვარჩევ ნახევარმცველების წყვილს, რომელთაც ეტყობათ, რომ შეთამაშებულები არიან. ასევე კარგია გუნდის კაპიტანი, მარცხენა მცველი გიორგი ჯინჯოლავა.

ვითამაშებთ ულამაზეს სტადიონზე. შევეცდებით, კარგად ვითამაშოთ და ამ სტადიონზე კარგი ფეხბურთით ვისიამოვნოთ“.

ტომ პეტერსონი: „ჩვენი გუნდი ევროტურნირის ძირითად ეტაპზე პირველად მოხვდა. ამას დიდი ხანი ველოდით და ჩვენთვის ოცნების ახდენას ჰგავდა. აქ დიდ გამოცდილებას შევიძენთ, რაც შვედეთის ჩემპიონატში დაგვეხმარება“.

კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას „იბერიასა“ და შვედურ „მიალბის“ შორის 22 ოქტომბერს, 20:45 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

მსგავსი