„მეზოკოვეშდმა“ 12:0 მოიგო - ქავთარაძემ ახალ კლუბში ითამაშა
„მეზოკოვეშდმა“ 12:0 მოიგო - ქავთარაძემ ახალ კლუბში ითამაშა

უნგრული გუნდი „მეზოკოვეშდი“, სადაც 4 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, სეზონისთვის მზადებას შეუდგა. სიცივისა და ყინვის გამო, მატჩი „მეზოკოვეშდის“ სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე შედგა.

მეზოკოვეშდის“ მეტოქე დაბალი ლიგის „საიობაბონი“ იყო და ქართველების გუნდმა მეტოქე არასაფეხბურთო ანგარიშით, 12:0 დაამარცხა. მოედანზე იყო უკრაინის მოქალაქეობის მქონე მიხეილ მესხი. გუნდს ვერ ეხმარებოდა ლუკა ლაკვეხელიანი, რომელიც ტრავმირებულია.

ჯერ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს გაგი მარგველაშვილი – „საბურთალოს“ კაპიტანმა უნგრეთის უმაღლესი ლიგის გუნდთან კონტრაქტი ორიოდე დღის წინ გააფორმა და სავარაუდოდ, „მეზოკოვეშდს“ უახლოეს საათებში უნდა შეუერთდეს.

ამ შეხვედრაში ახალი კლუბის ფორმა პირველად მოირგო ქართველმა ნახევარმცველმა ნოდარ ქავთარაძემ, თუმცა გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია. შეგახსენებთ, რომ ნოდარი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელთანაც „მეზოკოვეშდმა“ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ ხელშეკრულება გააფორმა – 28 წლის ნახევარმცველი „დინამო თბილისის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, 2019 და 2020 წლებში საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. ეროვნული ლიგის ბოლო სეზონში ქავთარაძე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა – 8 გოლს 2 საგოლე გადაცემა დაუმატა.