მეზობლების ინფორმაციით, გოგონას, რომელიც ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, დედა ხშირად სცემდა
მეზობლების ინფორმაციით, გოგონას, რომელიც ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, დედა ხშირად სცემდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მეზობლები მცირეწლოვანი გოგონას გარდაცვალების დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ყვებიან, რომ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტი. როგორც გარდაცვლილი გოგონას ერთ-ერთმა მეზობელმა პირველ არხს განუცხადა, ბავშვს დედა სცემდა. მათივე ინფორმაციით,  ამის შესახებ ინფორმირებული იყო პოლიციაც. გოგონას ბებიამ პირველ არხთან საუბრისას უარყო, რომ ბავშვს დედა სცემდა.

მეზობლების თქმით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დღეს დაიწყო.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

„გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.