მევლუთ ჩავუშოღლუ - უნდა გავაგრძელოთ შავი ზღვის რეგიონის ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ არ აღიარებენ ყირიმის უკანონო ანექსიას და გააგრძელებენ უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას.
„ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ძალიან ღია და გულწრფელი ვართ. პრეზიდენტი ერდოღანი აგრეთვე ძალიან გულწრფელი იყო კოლეგა პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე. ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრეთ ჩვენი პოლიტიკა. მაგალითად, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შავი ზღვის რეგიონის ორი ქვეყნის – საქართველოსა და უკრაინის დახმარება“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
მისივე თქმით, მხარი უნდა დაუჭირონ ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატო-სთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას.
„შავი ზღვა ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი სფეროა, ამიტომ მუდმივი ყურადღება უნდა მიექცეს სამხედრო თემას შავ ზღვაში და სწორედ ეს კეთდება ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების, შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოების მხრიდან“, – განაცხადა თურქმა დიპლომატმა.