მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი მზად არის, შექმნას შესაბამისი პირობები რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი მზად არის, შექმნას შესაბამისი პირობები რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანკარა მზად არის, შექმნას შესაბამისი პირობები რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. აღნიშნულის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ უახლესი ფოტოები და ვიდეოები უკრაინის ქალაქებიდან, მათ შორის ბუჩადან, ჩრდილს აყენებს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკების პროცესს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუჩაში მომხდარს მიუღებელი და არაადამიანური უწოდა. მისი თქმით, ის, რაც ბუჩაში მოხდა, ადამიანური თვალსაზრისით სამარცხვინოა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ომიდან ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა.

თურქეთის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ანკარამ მხარეებს თურქეთში მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზა.

„თურქეთი ყველა პერიოდში მშვიდობისა და კანონიერების მომხრე იყო. ეს ომი ადრე თუ გვიან დასრულდება. რაც შეეხება სავარაუდო სცენარებს, ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების, შემდეგ კი პრეზიდენტების დონეზე გაიმართება შეხვედრა. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ეს შეხვედრები თურქეთში ჩატარდეს. ორივე მხარე მხარს უჭერს პრინციპულად ჩვენს ქვეყანაში მოლაპარაკებების გამართვის იდეას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება მარიუპოლში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ ანკარა აგრძელებს მოლაპარაკებებს რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებასთან ამ ქალაქიდან საზღვაო გზით ევაკუაციის ორგანიზებაზე.