მევლუთ ჩავუშოღლუ - ტერორისტულ ჯგუფებთან მუშაობის გამო, აშშ-ს სირიიდან გასვლის პროცესი ურთულდება
მევლუთ ჩავუშოღლუ - ტერორისტულ ჯგუფებთან მუშაობის გამო, აშშ-ს სირიიდან გასვლის პროცესი ურთულდება

ტერორისტულ ჯგუფებთან მუშაობის გამო, აშშ-ს სირიიდან გასვლის პროცესი ურთულდება – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი მხარს უჭერს სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და სტაბილურობას, რაც ანკარასთვის მნიშვნელოვანია.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც სირიიდან აშშ-ის ჯარების გასვლის პროცესზე კონტროლი ერთობლივად თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა უნდა აიღონ.

„აშშ სირიიდან გასვლასთან დაკავშირებით უამრავ პრობლემას აწყდება. ჩვენ გვსურს პროცესის კოორდინაცია რუსეთთან და ირანთან ერთად მოვახდინოთ, რაც ასტანის პროცესის ფარგლებში მოხდება. ეს საჭიროა, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა სივრცე არ დაიკავონ“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სირიაში ქურთულ სამხედრო ჯგუფებს თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევს.