მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა კრიტიკულ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან და ზოგიერთ თემაზე თითქმის შეთანხმდნენ
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა კრიტიკულ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან და ზოგიერთ თემაზე თითქმის შეთანხმდნენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა კრიტიკულ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან და ზოგიერთ თემაზე თითქმის შეთანხმდნენ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ თურქმა დიპლომატმა გამოცემა „ჰურიეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ მას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმედი აქვს, თუ მხარეები შეთანხმებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესისგან უკან არ გადადგამენ ნაბიჯს.

„შეინიშნება ორივე მხრიდან პოზიციების თანხვედრა მნიშვნელოვან და კრიტიკულ საკითხებზე. კერძოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი თითქმის თანხმდებიან პირველ ოთხ პუნქტზე. ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა ხელმძღვანელების დონეზეა საჭირო“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ „ჰურიეთთან“ ინტერვიუში.

პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად, თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ „თუ იქნება მშვიდობა და შეთანხმება, ისინი აუცილებლად შეხვდებიან“.

„ისინი ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. მათ შეხვედრასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვთ“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდნენ, განურჩევლად იმისა, იქნება ეს თურქეთში თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში. ამასთან, თურქეთი მოხარული იქნება, უმასპინძლოს მათ შეხვედრას.