მეტოქის ბანაკში - ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერი ალიოსკი „ბეშიქთაშში“ გადადის #1TVSPORT
ეზგიან ალიოსკის საუდის არაბეთის „ალ აჰლიდან“ „ტრაბზონსპორში“ გადასვლა ბოლო მომენტში ჩაიშალა, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მოთამაშე კარიერას მაინც თურქეთში გააგრძელებს. 30 წლის ფლანგის ნახევარმცველი „ტრაბზონის“ ნაცვლად, „ბეშიქთაშის“ მოთამაშე გახდება, – ინფორმაციას ჩრდილომაკედონიური გამოცემა „ეკიპა“ ავრცელებს.
„მარცხენა შემტევი ახალ კლუბში გადავა, როცა სტამბოლის გუნდთან ტრანსფერის დეტალებს შეათანხმებს. ის ფაქტი, რომ ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა, დღეს დილით გაირკვა მას შემდეგ, რაც „ალ აჰლის“ მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ალიოსკი გუნდთან ერთად თურქეთში ვარჯიშზე არ გაემგზავრებოდა, სანამ კლუბიდან წასვლაზე განმარტებას არ გააკეთებდა. „ბეშიქთაშმა“ მოლაპარაკება ამ დროს გაააქტიურა, ჯერ „ალ-აჰლისთან“ ალიოსკის ერთწლიან იჯარაზე მოილაპარაკა, შემდეგ კი კონტრაქტის პირადი პირობები შეათანხმა“, – წერს გამოცემა.
თურქული მედიის ცნობით, „ბეშიქთაშში“ ალიოსკის ანაზღაურება 2,2 მილიონი ევრო იქნება და თურქ გრანდს მიეცემა შესაძლებლობა, მომავალ ზაფხულს „ალ აჰლისგან“ კონტრაქტი გამოისყიდოს.
ალიოსკიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს, რის შემდეგაც თურქულ კლუბს ესპანურ შეკრებაზე შეუერთდება.