მეტოქე | უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია ახალ მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკებებს უარყოფს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩამდე უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია ახალ მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკებებს უარყოფს, მაგრამ გამოცემა Nemzet-ის მტკიცებით, ეს ჭორი არ არის.
„მარკო როსის მომავალთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა მთავარი მწვრთნელის ბოლოდროინდელმა ბუნდოვანმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ გადასაწყვეტი იყო საკითხი მომავალ თანამშრომლობაზე. როსის კრიტიკა ბოლო ორი მატჩის შემდეგ დაიწყო – უნგრეთის ნაკრებმა შინ უკრაინასთან წააგო (0:1), ჩრდილოეთ ირლანდიასთან კი ფრედ (0:0) ითამაშა“, – წერს გამოცემა და უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერის გერგო საბოს კომენტარს ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მწვრთნელები, შესაძლოა, დაინტერესებულნი იყვნენ უნგრეთის ნაკრებში მუშაობით, ფეხბურთის ფედერაცია ამჟამად მოლაპარაკებებს არავისთან აწარმოებს“, – აღნიშნა უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერმა.
უნგრული გამოცემა ვარაუდობს, რომ როსის ნაკრებიდან წასვლაზე გავრცელებული ხმები რეალურია. „ვარაუდები უსაფუძვლო არ არის, გავრცელებული ხმების თანახმად, შესაძლო კანდიდატად უკრაინელი სერგეი რებროვი განიხილება, რომელიც 2018-2021 წლებში „ფერენცვაროშს“ წვრთნიდა. უკრაინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მაისში განაცხადა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა უნგრეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად“.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩს უნგრეთთან 2 ოქტომბერს გამართავს. შეხვედრა ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.