მეტოქე | უკრაინელებმა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატები შეარჩიეს - ფავორიტი მირონ მარკევიჩია #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართელოს ნაკრების მეტოქის, უკრაინის ახალი მწვრთნელის პოსტზე ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა სამი კანდიდატი შეარჩია – ამის შესახებ გამოცემა Sport.ua წერს.
„უკრაინის საფეხბურთო კავშირმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატთა საბოლოო სია დაადგინა – ამ თანამდებობაზე მირონ მარკევიჩი, იჰორ იოვიჩევიჩი და ანდრეას მალდერა განიხილებიან. ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ანდრეი შევჩენკო საბოლოო არჩევანის გაკეთებას აპრილის ბოლომდე გეგმავს“, – ამტკიცებს გამოცემა.
მალდერა 2016 წლიდან 2021 წლამდე უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ანდრეი შევჩენკოს თანაშემწედ მუშაობდა, რის შემდეგაც მან „ლურჯ-ყვითლები“ დატოვა და სამუშოდ ჯერ ინგლისში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ „მარსელში“ მწვრთნელის ასისტენტი იყო. მალდერას მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მზადაა, შეთავაზების შემთხვევაში უკრაინის ნაკრებში მუშაობას დათანხმდეს.
იოვიჩევიჩი სხვადასხვა დროს „კარპატის“, სლოვენიურ „ცელიეს“, ზაგრების „დინამოს“, „დნიპროს“, დონეცკის „შახტარს“, საუდის არაბეთის „ალ-რაედს“, ბულგარულ „ლუდოგორეცსა“ და პოლონურ „ვიძევს“ წვრთნიდა.
გამოცემა football 24 ამტკიცებს, რომ მწვრთნელობის ფავორიტი გამოცდილი მირონ მარკევიჩია, რომელიც 2010 წელს ნაკრებს უკვე ავარჯიშებდა. მარკევიჩი ბოლოს ლვოვის „კარპატის“ მთავარი მწვრთნელი იყო, მანამდე კი მისი ხელმძღვანელობით „დნიპრო“ (სადაც ჯაბა კანკავა თამაშობდა) ევროპის ლიგის ფინალში გავიდა.