მეთიუ მილერი - ჩვენ არ ვართ ინფორმირებული რაფაჰში შეჭრის თარიღის შესახებ
მეთიუ მილერი - ჩვენ არ ვართ ინფორმირებული რაფაჰში შეჭრის თარიღის შესახებ

ჩვენ არ ვართ ინფორმირებული რაფაჰში შეჭრის თარიღის შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჩვენ არ ვართ ინფორმირებული რაფაჰში შეჭრის თარიღის შესახებ. გასულ კვირას ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს საუბრის შემდეგ, რომლის დროსაც ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და ღაზაში მეტი დახმარების მისაწოდებლად, ჩვენ ისრაელის მხრიდან ვნახეთ რამდენიმე დადებითი ნაბიჯი. პირველ რიგში, ისრაელი დათანხმდა ჩრდილოეთის ახალი გადასასვლელის გახსნას, რომელიც შეიძლება, ამოქმედდეს ამ კვირაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს დახმარებისთვის უშუალოდ ჩრდილოეთ ღაზის მიმართულებით, სადაც, ვიცით, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა ყველაზე მძიმეა. ამასთან, არსებობს შეთანხმება „ჰამასისთვის“, რომელიც მაგიდაზეა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი მიიღებენ მას. ჩვენ გვჯერა, რომ ისრაელის მთავრობა მზად არის შეთანხმებისთვის. მათ სურთ თავიანთი მძევლების დაბრუნება. მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ „ჰამასი“ მზად არის, მიიღოს ასეთი შეთანხმება“, – აღნიშნა მილერმა.