მეთერთმეტე, ისტორიული მატჩი იტალიასთან - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

ისლანდიაში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა გზა საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ. საქართველოს ნაკრებს შესარჩევზე სამი მატჩიღა დარჩა, რომელთაგან პირველს დღეს, 19:00-ზე „თბილისი არენაზე“ იტალიის წინააღმდეგ გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

საქართველო

ისლანდიიდან ჩვენი გუნდი ჩარტერული რეისით დაბრუნდა და მგზავრობით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე დაიყვანა. კალათბურთელებმა წინასამატჩო ვარჯიშზეც აღნიშნეს, რომ თავს კარგად გრძნობენ და საბრძოლველად მზად არიან.

თუკი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯანმარკო პოცეკო ჩვენს წინახაზელებს უფრთხის, ილიას ზუროსის მთავარი საფიქრალი სამქულიანებიაისლანდიისგან განსხვავებით იტალიას მაღალი კლასის შემსრულებლები ჰყავს და პერიმეტრიდან ზუსტი ტყორცნები მათი მთავარი პლუსია.

ილიას ზუროსი:

„იტალიის ნაკრები კარგად შეთამაშებული ძლიერი გუნდია. ჰყავს ევროლიგის მოთამაშეები და ხარისხიან კალათბურთს უჩვენებს. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით წინა ტურში – იტალიამ ესპანეთთან ბოლომდე იბრძოლა და დამატებით დროში დამარცხდა. ჩვენც მძიმე ბრძოლა გვქონდა ისლანდიაში, თუმცა გუნდმა ძალების აღდგენა მეტ-ნაკლებად კარგად მოახერხა და იტალიასთან მატჩს მომზადებული ხვდება“.

 

იტალია

შუა სეზონში ევროლიგის ზოგიერთი კლუბი კალათბურთელებს ნაკრებში არ უშვებს. ასეთია „მილანი“, რომლის წამყვანი მოთამაშეები „სკუადრა აძურას“ ვერ ეხმარებიან. თუმცა მეორე ევროლიგური კლუბიდან, ბოლონიის „ვირტუსიდან“ ნაკრებში ოთხი კაცია – ​მანიონი და პაიოლა იტალიას დაემატნენ, შენგელია – საქართველოს, ხოლო მთავარი მწვრთნელი სკარიოლო – ესპანეთს.

ევრობასკეტზეც გამოჩნდა იტალიის თამაშის სტილი – გუნდური, სწრაფი და სამქულიანებზე ორიენტირებული. დიდი პლუსია მთავარი მწვრთნელი ჯანმარკო პოცეკო, რომელსაც გუნდში დამატებითი მუხტი შეაქვს.

ჯანმარკო პოცეკო:

​„ქართველებს ძლიერი მწვრთნელი და კარგი გუნდი გყავთ. დიდ ხიფათს ველით შენგელიასა და შერმადინისგან. ისინი მაღალი კლასის კალათბურთელები არიან და რთულია ფარქვეშ მათი შეჩერება. მითუმეტეს, წინა ხაზში რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი გვაკლია.

ვინ გავა ჯგუფიდან? ესპანეთი, რა თქმა უნდა. ჩვენც ვიბრძვით, საქართველოც კარგი გუნდია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისლანდია და უკრაინა. მათ თამაშიდან და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, სამეულში მოხვედრა შეუძლიათ“

 

სატურნირო მდგომარეობა

საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ისლანდიის მსგავსად 4 მოგება აქვს და ძალიან ახლოსაა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან. საამისოდ საჭიროა ჩვენმა გუნდმა ჯგუფის საუკეთესო სამეულში ადგილი შეინარჩუნოს.

 

დარჩენილი მატჩები:

14 ნოემბერი, 2022

18:00 უკრაინა-ისლანდია

19:00 საქართველო-იტალია

23:30 ესპანეთი-ნიდერლანდები

23 თებერვალი, 2023 წ

ისლანდია-ესპანეთი

ნიდერლანდები-საქართველო

იტალია-უკრაინა

 

26 თბერვალი, 2023

უკრაინა-ნიდერლანდები

საქართველო-ისლანდია

ესპანეთი-იტალია

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურს 3 საუკეთესო მოიპოვებს.

 

ურთიერთშეხვედრები

დღეს საქართველოს ნაკრები იტალიას მეთერთმეტედ დაუპირისპირდება. აქამდე ჩვენი გუნდი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ორჯერ იყო (2015 და 2017 წლებში), თუმცა ბოლო წამებზე დამარცხდა.

გუნდების შემადგენლობებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესაც თანაბარი თამაში იქნება და საქართველოს ნაკრებს რეალური შანსი აქვს იტალიას მეთერთმეტე ცდაზე პირველად მოუგოს.

28.02.1998 ევრობასკეტის შესარჩევი

იტალია-საქართველო 90:43

27.02.1999 ევრობასკეტის შესარჩევი

საქართველო-იტალია 64:105

22.06.2004 ამხანაგური

იტალია-საქართველო 100:76

06.08.2006 ამხანაგური

იტალია-საქართველო 112:48

12.08.2006 ამხანაგური

იტალია-საქართველო 80:51

16.08.2015 ამხანაგური

საქართველო-იტალია 67:87

28.08.2015 ამხანაგური

იტალია-საქართველო 91:90

25.08.2017 ამხანაგური

იტალია-საქართველო 73:65

06.09.2017 ევრობასკეტი 2017

იტალია-საქართველო 71:69

27.08.2022 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი

იტალია-საქართველო 91:84