მეტე ფრედერიქსენი – ძლიერი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება არ არის საკმარისი, მეტი გვჭირდება, რადგან რუსეთმა ევროპაში ჰიბრიდული საშუალებების გამოყენება გაააქტიურა
ევროპა ძლიერია მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ვიყოთ ასეთი და ჩვენ ის ბევრად ძლიერი უნდა გავხადოთ, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე განაცხადა.
მეტე ფრედერიქსენის თქმით, „რუსეთი არ გაჩერდება, ვიდრე ამას არ აიძულებენ, ის არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის“.
„მე ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენგანისთვის რუსეთისგან საფრთხე აშკარაა, ზოგიერთისთვის კი ის შორეულად ჩანს. თუმცა ჩვენ ვეღარ ვიქნებით გულუბრყვილო. ეს ომი არასდროს ეხებოდა მხოლოდ უკრაინას. ის ევროპას ეხება, ყველა ჩვენს ქვეყანას, ყველა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს თავისუფლებას“, – თქვა ფრედერიქსენმა.
დანიის პრემიერმა გაიხსენა ევროპის ისტორია „რუსეთის იმპერიის გაფართოებიდან ცივი ომის დროს ევროპული ქვეყნების ქუჩებში რუსული ტანკების გამოჩენამდე“.
„უახლოესი ისტორია იმავე გაკვეთილებს გვაჩვენებს. რატომ დავიჯეროთ, რომ ეს მეტჯერ აღარ მოხდება? რუსეთს გადაჰყავს თავისი ეკონომიკა საომარ მდგომარეობაში, იყენებს ყველა შესაძლებლობას, ყველა რესურსს ჩვენს დასაშინებლად და ჩვენში განხეთქილების შემოსატანად. სამწუხაროდ, ჩინეთის ხელშეწყობით, სამხედროებით ჩრდილოეთ კორეიდან და დრონებით ირანიდან. მე ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ პუტინის იმპერიალისტური ოცნებები უკრაინით შემოიფარგლება“, – თქვა დანიის პრემიერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთთან მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი. ამისთვის, მისი თქმით, ევროპამ უნდა გააძლიეროს უკრაინა და დაასუსტოს რუსეთი მეტი სანქციებით.
მისივე თქმით, ძლიერი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება არ არის საკმარისი.
„ჩვენ ამაზე მეტი გვჭირდება, რადგან რუსეთმა ევროპაში ჰიბრიდული საშუალებების გამოყენება გაააქტიურა და ჩვენს წინაშეა მტერი, რომელიც იყენებს ყველა სახის ინსტრუმენტს. ერთ დღეს ეს არის სამხედრო დრონები, მეორე დღეს ეს არის მიგრანტები, რომლებსაც ჩვენი საზღვრებისკენ უბიძგებენ. ისინი თავს ესხმიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვხედავთ ბრძოლას დეზინფორმაციით გაურკვევლობის შექმნის, ნდობისთვის ძირის გამოთხრის მიზნით და დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევის მცდელობებს. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება არ არის მხოლოდ სამხედრო საშუალებების საკითხი, ის ეხება ასევე ჩვენს გულსა და გონებას. მაშინ, როდესაც დემოკრატია ზეწოლას განიცდის მთელ მსოფლიოში, ჩვენი საზოგადოებების საკეთილდღეოდ ვმუშაობთ, რომ ჩვენ, როგორც პოლიტიკურ ლიდერებს შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებაში“, – აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს სჭირდებათ სამუშაო ადგილები და ეკონომიკური უსაფრთხოება.
„სჭირდებათ ჯანდაცვა, განათლება შვილებისთვის, ხელმისაწვდომი სურსათი და შესაძლებლობები მომავლისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ ასევე უნდა ავაშენოთ ეკონომიკურად ძლიერი ევროპა. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულებები, ჩავდოთ ინვესტიციები ახალ ტექნოლოგიებში და მოვიძიოთ საჭირო კრიტიკული ნედლეული. ამასთან, ჩვენ გვჭირდება უფრო მტკიცე ქმედებები მიგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საზღვრები. უკონტროლო მიგრაცია ცვლის ჩვენს საზოგადოებებს და ამის საფასურს ჩვენი მოქალაქეები იხდიან. ვის შეუძლია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა და დარჩენა, უნდა იყოს დემოკრატიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. დანიის პრემიერმა ასევე მიმართა უკრაინის პრეზიდენტს და მას მადლობა გადაუხადა.
„ვიდრე სიტყვას გადავცემდი, ვიტყვი ერთ რამეს, რაც მინდა, ყველას ახსოვდეს. 2022 წელს, როდესაც ეს პოლიტიკური ოჯახი დაარსდა, როდესაც რუსეთმა დაიწყო თავისი სრულმასშტაბიანი ინტერვენცია უკრაინაში, პუტინს სამი რამ სურდა: მას სურდა კიევის დაპყრობა, მას სურდა უკრაინის მთავრობის დამხობა და მას სურდა ევროპის დანაწევრება. დღეს, სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ოთხი წლის შემდეგ, მილიარდობით დოლარის დახარჯვის შემდეგ, ათასობით რუსის სიცოცხლის გაწირვის შემდეგ, პუტინმა ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია. ეს ომი რუსეთის მარცხია. უპირველეს ყოვლისა, მადლობა თქვენ, ვოლოდიმირ, ყველა მამაც უკრაინელ მამაკაცს და ქალს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის, თუმცა ასევე ყველა ქვეყანას, რომელიც თქვენ მხარს გიჭერთ. ევროპა ძლიერია მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ვიყოთ ასეთი და ჩვენ ის ბევრად ძლიერი უნდა გავხადოთ. ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა ვიპოვოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ევროპას წინსვლის გზას აჩვენებს“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.