მესუთ იოზილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესუთ იოზილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. 29 წლის ფეხბურთელის თქმით, გერმანიის საფეხბურთო კავშირი მას უსამართლოდ მოექცა.

„დამძიმებული გულით მივიღე გადაწყვეტილება, აღარ ვითამაშო გერმანიის ნაკრებში, რადგან ვგრძნობ რასისტულ და უსამართლო დამოკიდებულებას. გერმანიის ნაკრების მაისურს სიამაყითა და სიხარულით ვატარებდი, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ჩინოვნიკები უპატივცემულოდ ეპყრობიან ჩემს თურქულ წარმომავლობას და პოლიტიკურ პროპაგანდაში მითრევენ. ფეხბურთს ამისთვის არ ვთამაშობ. რასიზმი ჩემთვის მიუღებელია“, – წერია იოზილის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ იოზილს დიდი კრიტიკა შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო.

ნახევარმცველი ეროვნულ გუნდში 2009 წლიდან თამაშობდა. მან გერმანიის ნაკრებში 92 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.