მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე მერვე გოლი გაიტანა და მარადონას გაუთანაბრდა #1TVSPORT
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე მერვე გოლი გაიტანა და მარადონას გაუთანაბრდა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მექსიკასთან ანგარიში 64-ე წუთზე გახსნა.

მესისთვის ეს გოლი მერვე იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე და ამ მაჩვენებლით არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, დიეგო მარადონას დაეწია.

მესის ეროვნულ გუნდში დებიუტი 2005 წლის 4 აგვისტოს უნგრეთთან ჰქონდა. პირველი ოფიციალური შეხვედრა კი 2005 წლის 3 სექტემბერს, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში პარაგვაის ნაკრებთან გამართა. პირველი გოლი კი ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩში გაიტანა.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, პირველად ტურნირზე 2006 წელს ითამაშა, რომელიც გერმანიაში გაიმართა. მესიმ ტურნირი ჯგუფის მეორე მატჩით დაიწყო სერბეთი-ჩერნოგორიის ნაკრებთან — მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა და საგოლე პასის შემდეგ, თავი სადებიუტო გოლითაც გამოიჩინა, მატჩი კი არგენტინამ 6:0 მოიგო. ამ გოლით ლიონელ მესი გახდა არგენტინის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა — მაშინ არგენტინელი ვარსკვლავი 18 წლის და 357 დღის იყო.

არგენტინელისთვის 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატი წარუმატებელი გამოდგა — მან გოლი ვერ გაიტანა. 2014 წელს არგენტინა ფინალში გავიდა. ტურნირზე მესიმ ოთხი გოლი გაიტანა: ორჯერ — ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, თითოჯერ კი ირანისა და ნიგერიის კარი აიღო.

ოთხი წლის შემდეგ, 2018 წელს მესიმ კვლავ გაიტანა — ნიგერიელების წინააღმდეგ. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთთან გოლი მესისთვის მე-7 იყო მუნდიალზე.

გაბრიელ ბატისტუტას და დიეგო მარადონას მხოლოდ სამ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვთ გოლი გატანილი — ბატისტუტას 1994, 1998 და 2002 წლებში, მარადონას — 1982, 1986 და 1994-ში.