მესიმ „ინტერ მაიამიში“ პირველად ვერ გაიტანა, მაგრამ ორი საგოლე პასი შეასრულა - არგენტინელის გუნდი კიდევ ერთი ტურნირის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
მესიმ „ინტერ მაიამიში“ პირველად ვერ გაიტანა, მაგრამ ორი საგოლე პასი შეასრულა - არგენტინელის გუნდი კიდევ ერთი ტურნირის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ინტერ მაიამი“ ლიგების თასის მოგების შემდეგ მეორე ტურნირის ფინალში გავიდა. ლიონელ მესის გუნდმა ლამარ ჰანტის სახელობის აშშ-ის ღია თასის ნახევარფინალში სტუმრად დაამარცხა „ცინცინატი“. შეხვედრა 3:3 დასრულდა და „ინტერ მაიამიმ“ პენალტების სერიაში 5:4 გაიმარჯვა.

ეს იყო ლიონელ მესის მერვე მატჩი ფლორიდული კლუბის რიგებში და არგენტინელმა პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა, თუმცა ორი საგოლე პასი გააკეთა – 68-ე და 90+7-ე წუთებზე კამპანას გაატანინა. აღსანიშნავია, რომ ამ გოლებამდე „ცინცინატი“ 2:0-ს იგებდა.

შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც „ინტერ მაიამი“ პირველად დაწინაურდა მატჩში, მაგრამ „ცინცინატიმ“ შეძლო გათანაბრება და დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც ფლორიდელებმა ყველა 11-მეტრიანი გაიტანეს და ფინალში გავიდნენ.

მეორე ფინალისტი „ჰიუსტონ დინამოსა“ და „რეალ სოლტ ლეიკ სიტის“ მატჩში გაირკვევა. ფინალი 27 სექტემბერს გაიმართება.

აშშ-ის ღია თასი ყველაზე ძველი საფეხბურთო ტურნირია ამერიკის შეერთებულ შტატებში – ის 1913 წლიდან ტარდება. 2023 წელს ტურნირში 100 გუნდი ჩაება. MLS-ის კლუბები გათამაშებას 1/16-ფინალიდან შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ინტერ მაიამიმ“ გაიმარჯვა ლიგების თასზე. ამ ტურნირზე მესიმ შვიდი მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.