მესი საუკეთესოა - ინტერვიუ ნეიმართან
მესი საუკეთესოა - ინტერვიუ ნეიმართან
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა ფრანგულ გამოცემა „ფრანს ფუტბოლს“ ინტერვიუ მისცა. საუბრის რამდენიმე ფრაგმენტი საინტერესო იყო. პირველი რიგში ის ნაწილი, რომელშიც ბრაზილიელმა „ბარსელონადან“ წასვლის მიზეზი ახსნა.
„ბარსელონა“ ფეხბურთის ინტენსივობის მხრივ გაცილებით მაღალ დონეზეა. ბევრი რამ ვისწავლე იქ და ამიტომაც, კომფორტულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მე წავედი, რადგან ახალი მიზნები მინდოდა. ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა „ოქროს ბურთის” მოპოვების სურვილთან ან იმის მცდელობასთან, რომ მესისთან ერთად ერთ გუნდში არ ვყოფილიყავი”, – განაცხადა ბრაზილიელმა ფორვარდმა.
ნეიმარმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგება ძალიან უნდა, „ოქროს ბურთი“ კი მის კარიერაში მთავარი მიზანი არ არის. ფორვარდი ბრაზილიის ნაკრების რიგებში 2016 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი იყო. აგრეთვე მოგებული აქვს 2013 წელს კონფედერაციათა თასი.
„პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მსურს. ასევე არსებობს „ოქროს ბურთის“ მიღების სურვილი, თუმცა, ეს საკითხი დიდად არ მაღელვებს. ერთხელ ის ჩემი გახდება, შესაძლოა, ასე არც მოხდეს”, – თქვა ნეიმარმა.
ბრაზილიელმა განაცხადა, რომ არ აპირებს პარიზული კლუბის დატოვებას. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ზაფხულს ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ კატალონურმა გრანდმა „პარი სენ-ჟერმენთან” ვერ მოილაპარაკა.
“რატომ უნდა მინდოდეს წასვლა? კონტრაქტით კიდევ ორი წელი მაქვს, გუნდი აგრძელებს პროგრესს. უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ამ სეზონზე, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი ტიტული. ამ სეზონში ჩვენი მიზანია – ჩემპიონთა ლიგა. ჩემი პრიორიტეტია – „პარი სენ-ჟერმენი”. მაქსიმალურად დაკავებული ვიქნები ყოველ კვირას. ჩვენი მიზანია – მოგება ყოველ მომდევნო მატჩში. თითოეულ თამაშში უნდა ვიბრძოლოთ კლუბისთვის”.
ბოლოს, ნეიმარმა აღნიშნა, რომ „ბარსელონაში” თავის ყოფილ თანაგუნდელს ლიონელ მესის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს.
„ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, საუკეთესო იმათგან, ვინც კი ოდესმე მინახავს. არ არის გასაკვირი, რომ მას უკვე ექვსი „ოქროს ბურთი“ აქვს შეგროვებული. უნდა არსებობდეს ასეთი ტიპის ჯილდო მხოლოდ მესისთვის. ის ყოველთვის მეყვარება”.