მესი და ბუსკეტსი „ალ-ჰილალში“ გადავლენ, არგენტინელს 600-მილიონიანი შეთავაზება აქვს #1TVSPORT
მესი და ბუსკეტსი „ალ-ჰილალში“ გადავლენ, არგენტინელს 600-მილიონიანი შეთავაზება აქვს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი და „ბარსელონას“ კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი დათანხმდებიან საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალში“ გადასვლას, – ამტკიცებს ინტერნეტტელევიზია El Chiringuito. „ბარსელონას“ კიდევ ერთი ფეხბურთელი ჟორდი ალბა ასევე შეუერთდება ამ გუნდს, თუ გაწყვეტს კონტრაქტს კატალონელებთან.

აღნიშნავენ, რომ ბუსკეტისთვის მომზადებულია ორწლიანი კონტრაქტი.

როგორც „ტვიტერში“ ფრანგმა ჟურნალისტმა, მოჰამედ ბუჰაფსიმ (560 ათასი გამომწერი) დაწერა, მესის დასარწმუნებლად „ალ-ჰილალმა“ ბუსკეტსა და ალბას მიმართა წინადადებით, ასევე აპირებს დაიყოლიოს „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი მარკო ვერატი.

პარალელურად, ფიფა-ს აგენტი მარკო კირდემირი, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს პსჟ-ის პრეზიდენტთან, ნასერ ალ-ჰელაიფისთან და საუდის არაბეთის მეფესთან, ამტკიცებს, რომ იცის მესის მომავლის შესახებ.

კირდემირმა აღიარა, რომ „ბარსელონას“ ვარიანტი გამორიცხულია: „ის არ გადავა „ბარსელონაში“. ის მაშინ აპირებს დაბრუნებას, როცა კარიერას დაასრულებს“.

აგენტის ინფორმაციით, ასევე გამორიცხულია „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაგრძელება. ამიტომაც მესი, როგორც ჩანს, საუდის არაბეთში გადავა: „მას აქვს 600-მილიონიანი შეთავაზება „ალ-ჰილალისგან“, რომელიც სამეფო გუნდია“.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი პსჟ-ს მიერ ორი კვირით არის დისკვალიფიცირებული იმის გამო, რომ დაუკითხავად გაემგზავრა საუდის არაბეთში.

„მესი გაემგზავრა ქვეყანაში, რათა გაცნობოდა მას, ენახა ადგილი, სადაც ცხოვრებას შეძლებდა. თუ მისი ოჯახი თანხმობას ეტყვის, ის ითამაშებს საუდის არაბეთში“, – ამბობს კირდემირი. მისი აზრით, მესის ჩასვლა საუდის არაბეთში გახდა მის ამჟამინდელ კლუბთან კონფრონტაციის მიზეზი: „ის რომელიმე სხვა ქვეყანაში რომ წასულიყო, რომელსაც არ აქვს პრობლემები კატართან, არ იქნებოდა ამდენი სპეკულაცია. ამან გააბრაზა „პარი სენ-ჟერმენი“, – განაცხადა კირდემირმა.