მესი - „ბარსელონას“ პრეზიდენტი მპირდებოდა, რომ არჩევანის თავისუფლებას მომცემდა, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
მესი - „ბარსელონას“ პრეზიდენტი მპირდებოდა, რომ არჩევანის თავისუფლებას მომცემდა, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა. Goal-მა გამოაქვეყნა მასთან ჩაწერილი შარშანდელი, ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელშიც არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამბობს, რომ კატალონიური კლუბიდან წასვლა სურდა და „ბარსელონას“ მაშინდელი პრეზიდენტის მისამართით საყვედურების თქმას არ ერიდება:

„კლუბის ხელმძღვანელობას და პრეზიდენტს ვუთხარი, რომ გუნდიდან წასვლა მსურს, მთელი წელი ამას ვეუბნებოდი. მიმაჩნდა, რომ კლუბს მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი სჭირდება, ახალი იდეები. ვფიქრობდი, რომ ჩემი დრო „ბარსელონაში“ ამოიწურა. ძალიან სევდიანი ვიყავი, რადგან ყოველთვის მინდოდა კარიერა აქ დამესრულებინა. რთული წელი იყო. გადამღალა დაუსრულებელმა ვარჯიშმა, თამაშებმა. ყველაფერი ძალიან გართულდა ჩემთვის. დადგა დრო, რომ ახალი ამბიციები გამჩენოდა, მსურდა, რაღაც ახალი გამომეცადა.

დიდხანს ვფიქრობდი გადაწყვეტილების მიღებაზე. პრეზიდენტს ვეუბნებოდი, რომ ჩემთვის ახალი მიზნების, ახალი გზების დრო დადგა. პრეზიდენტი კი გამუდმებით მპასუხობდა, რომ სეზონის ბოლოს ჩემი გადასაწყვეტი იქნებოდა, წავიდოდი თუ დავრჩებოდი. სეზონი დასრულდა, მან კი სიტყვა არ შეასრულა. ჩემი წასვლა, კლუბის წინააღმდეგ წასვლას არ ნიშნავდა, არც არეულობა უნდა გამოეწვია. შემდეგ კი მითხრეს, რომ ბუროფაქსი (ოფიციალური, დახურული, საქმიანი წერილი) ადრე უნდა გამეგზავნა, მაგრამ კიდევ გავიმეორებ – ყველა ტურნირზე შუა სეზონი იდგა და ამის დრო არ იყო. პრეზიდენტი კი სულ მეუბნებოდა, რომ სეზონის ბოლოს არჩევანი ჩემზე იქნებოდა. ასე არ მოხდა, მე კი არ მინდოდა მდგომარეობის გამწვავება და კლუბის წინააღმდეგ წასვლა“.

არგენტინელი თავდამსხმელის დებიუტი „ბარსელონაში“ შორეულ 2003 წელს შედგა და წლების განმავლობაში მესი კატალონიური კლუბის სიმბოლოდ იქცა. „ბარსელონას“ შემადგენლობაში ლიონელ მესიმ 778 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 672 გოლი და 305 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი