მესამე მოგება ევრობასკეტზე - ესპანეთმა მონტენეგრო 17 ქულით დაამარცხა [ფოტო] #1TVSPORT
მესამე მოგება ევრობასკეტზე - ესპანეთმა მონტენეგრო 17 ქულით დაამარცხა [ფოტო] #1TVSPORT

„თბილისი არენაზე“ ევრობასკეტი 2022-ის A ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრები მიმდინარეობს, სადაც პირველ მატჩში თურქეთის ნაკრებმა ბელგია 78-63 დაამარცხა. მეორე შეხვედრა ესპანეთსა და მონტენეგროს შორის გაიმართა, რომელიც სკარიოლოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა 82-65.

პირველი მეოთხედი ესპანელებმა მეტოქეს 10 ქულის სხვაობით მოუგეს. სკარიოლომ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება განახორციელა. ხუანჩო ერნანგომესი სათადარიგო სკამზე იყო, მაგრამ „ტორონტო რეპტორსის“ მოთამაშის საწყის პერიოდში არ ყოფნის მიუხედავად, ჯგუფის ფავორიტები შეტევაშიც და დაცვაშიც კარგად თამაშობდნენ. მეორე მეოთხედში სკარიოლოს კალათბურთელებმა უპირატესობა უფრო განიმტკიცეს და დიდ შესვენებაზე 22-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

სხვაობა საკმაოდ დიდი იყო, შესაბამისად მეორე ტაიმში მონტენეგროელებმა მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხეს და შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა.

საუკეთესო 18 ქულით დარიო ბრისუელა იყო. ვილი ერნანგომესმა ორმაგი დუბლი 14 ქულითა და 13 მოხსნით გაიფორმა.

4 ტურის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებს 3 მოგება და 1 მარცხი დაუგროვდა, მონტენეგროს მოგება-წაგებათა ბალანსი კი 2-2-ზე აქვს. დღეს, 6 სექტემბერს 21:00-ზე A ჯგუფის ბოლო შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები  ბულგარეთს დაუპირისპირდება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.