მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას 15 ლიცენზიანტი დაიცავს
მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას 15 ლიცენზიანტი დაიცავს

6 ოქტომბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება.

12 დღის განმავლობაში სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტი გათამაშდება და აქ საპრიზო სამეულისთვის მსოფლიოს 178 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი იბრძოლებს.

საქართველო ბუენოს აირესში 15 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში მოიპოვეს. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად საქართველომ ლიცენზია სათამაშო სახეობაშიც მოიპოვა.

ბუენოს აირესში საქართველოს ღირსებას – ქეთევან არბოლიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში), ანა მაქაცარია (ჩოგბურთი), ნინო ხუციბერიძე (ტყვიის სროლა – 10 მ, პნევმატური პისტოლეტი), გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ) გიორგი თოხაძე (ბ/რ ჭიდაობა, 51 კგ), გიორგი ჩხიკვაძე ( ბ/რ ჭიდაობა, 60 კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო, 100 კგ), არჩილ მალაყმაძე (ძალოსნობა, 69 კგ), ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო, 48 კგ), გიორგი კეკიშვილი (მძლეოსნობა, უროს ტყორცნა), გაგა ხიჯაკაძე (თანამედროვე ხუთჭიდი), 3X3 კალათბურთელთა გუნდი – ლუკა მაზიაშვილი, ლაშა მიქელაძე, ოთარ პერტაია და ზურაბ ჟღენტი დაიცავენ.

2010 წლის სინგაპურში პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 3 სახეობაში (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ცურვა) 5 ქართველი სპორტსმენი გამოდიოდა და ბრინჯაოს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ირაკლი მოსიძემ მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი 84-ე ადგილზე დაფიქსირდა. 

მეორე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2014 წელს ჩინეთის ქალაქ ნანძინში გაიმართა, საქართველოს 12 სპორტსმენი სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, კრივი, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა) გამოვიდა. ქართველებმა მაშინ 2 ვერცხლის (თამაზ კირაკოზაშვილი – ძიუდო, მექი სიმონია – თავისუფალი ჭიდაობა,) და ერთი ბრინჯაოს (ივერიკო ჯულაყიძე – თავისუფალი ჭიდაობა) მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში საქართველო ოთხი წლის წინ 58-ე ადგილზე გავიდა.