„მერსედესმა“ ოთხი თანამშრომელი დაითხოვა რასიზმის გამო
„მერსედესმა“ ოთხი თანამშრომელი დაითხოვა რასიზმის გამო

ფორმულა 1-ის საჯინიბო „მერსედესმა“ ოთხი თანამშრომელი გაანთავისუფლა საკუთარი კოლეგის მიმართ რასისტული ხუმრობებისთვისა და მისი რელიგიის დაცინვის გამო.

როგორც გამოცემა „რეისფანსი“ (RaceFans) იტყობინება, თანამშრომლები ჯერ კიდევ 2 აგვისტოს დაითხოვეს, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

„მერსედესი“ ადასტურებს, რომ 2 აგვისტოს გუნდიდან დაითხოვეს ოთხი ადამიანი. ეს მოხდა შიდაგუნდური გამოძიების შედეგებით, რომელმაც დაადასტურა თანასწორობის სფეროში გუნდური პოლიტიკის დარღვევა მუსულმანი თანამშრომლის მიმართ. ჩვენ ვგმობთ ამგვარ საქციელს და დაუყოვნებლივ გავაკეთეთ რეაგირება სარჩელზე. ჩვენს ყველა თანამშრომელს ვაფასებთ, ისინი არიან ჩვენი სიძლიერის წყარო“, – წერია გუნდის განცხადებაში.

ინციდენტის დეტალები ბრიტანულმა ტაბლოიდმა „სანმა“ (The Sun) გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ განთავისუფლებული თანამშრომლები თავიანთ კოლეგას ტერორისტს უწოდებდნენ, რამადანის დღეებში კი დაცინვით მოუწყვეს გამოკითხვა თემაზე – როდის დაარღვევდა წმინდა თვის პირობებს.

„ეს იყო რასიზმის საშინელი გამოვლინება“, – თქვა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა. – „ისინი მრავალი წლის განმავლობაში აწვალებდნენ საწყალ ბიჭს. ეს აღმაშფოთებელია, განსაკუთრებით რასიზმის შესახებ ლუის ჰემილტონის სიტყვების შემდეგ“.