„მერსედესის“ ხელმძღვანელი - 2021 წელს ფორმულა 1-დან არ წავალთ
„მერსედესის“ ხელმძღვანელი - 2021 წელს ფორმულა 1-დან არ წავალთ

გერმანული საჯინიბო „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა კომენტარი გაუკეთა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუნდმა, შესაძლოა, შეწყვიტოს ფორმულა 1-ში გამოსვლა 2020 წლის სეზონის დასრულების შემდეგ.

„მერსედესი“ ნამდვილად გამოვა ფორმულა 1-ში 2021 წელს. ჩვენ დარჩენა გვინდა. ფორმულა 1-ს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“, – განაცხადა ვოლფმა.

მანვე საკუთარი პოზიცია გამოთქვა გუნდის პირველ პილოტთან ლუის ჰემილტონთან დაკავშირებით.

„ბოლოჯერ ჩვენ საშობაო საღამოზე შევხვდით ერთმანეთს. ცოტა ვილაპარაკეთ მომავლის შესახებ. თებერვალში ისევ დავსხდებით მაგიდასთან და მომავალს განვიხილავთ. რა თქმა უნდა, ასეთი დონის პილოტს სხვა ვარიანტებიც აქვს. იგივე სიტუაციაა ჩვენთან დაკავშირებით. სანამ ჩვენ ვქმნით სწრაფ ავტომობილს, ყოველთვის ვიქნებით იმ სიტუაციაში, როცა თავად შეგვეძლება პილოტების არჩევა. ლუისს სურს ყველაზე სწრაფი მანქანის მართვა, ჩვენ კი გვინდა გვყავდეს ყველაზე სწრაფი პილოტი“, – აღნიშნა ტოტო ვოლფმა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „მერსედესი“ განიხილავს წლევანდელი სეზონის შემდეგ ფორმულა 1-ის დატოვების ვარიანტს. გუნდის მოქმედი კონტრაქტი „სამეფო რბოლებთან“ 2020 წლის ბოლომდე მოქმედებს.

ასევე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „მერსედესში“ აპირებენ ბიუჯეტის შემცირებას და კადრების შეკვეცას. ამასთან, ჰემილტონი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ფერარისთან“. ბრიტანელი პილოტის მომავალზე შეიძლება გავლენა იქონიოს „მერსედესიდან“ ვოლფის წასვლამ.

ფორმულა 1-ის ახალი სეზონი 15 მარტს, ავსტრალიაში დაიწყება.