„მერსედესი“ „ფერარის“ რეკორდის გამეორებას გეგმავს
„მერსედესი“ „ფერარის“ რეკორდის გამეორებას გეგმავს

მას შემდეგ, რაც ლუის ჰემილტონმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, „მერსედესის“ მიზანი, პრინციპული მეტოქის, „ფერარის“ რეკორდის გამეორება გახდა. გერმანული საჯინიბო შეეცდება, ზედიზედ მეხუთედ შეასრულოს საჩემპიონო დუბლი, რაც ჰემილტონის ტიტულთან ერთად კონსტრუქტორთა დავის მოგებას გულისხმობს.

ამ მიზნის მისაღწევად „მერსედესის“ მექანიკოსები ყველაფერს გააკეთებენ, ჰემილტონი კი მზადაა, მათ მაქსიმალურად დაეხმაროს. ბრიტანელის განცხადებით, ნაადრევად მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, ის მომდევნო რბოლებში უკან დახევას არ აპირებს და შეეცდება, დარჩენილი ეტაპებიც მოიგოს. 

კონსტრუქტორთა დავის სატურნირო ცხრილში „ მერსედესი“ ჯერჯერობით ლიდერია. უახლოეს მდევარს „ფერარის“ ის 55 ქულით უსწრებს. იმისთვის, რომ საერთო ჩათვლა მოიგონ, ბრაზილიის გრან-პრიზე გერმანელებმა 12 ქულაზე მეტი არ უნდა დაკარგონ.