მერიჰ დემირალი - თბილისში მოგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო #1TVSPORT
მერიჰ დემირალი - თბილისში მოგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო #1TVSPORT

თურქეთის საფეხბურთო ნაკრებისა და საუდის არაბეთის „ალ აჰლის“ მცველმა, მერიჰ დემირალმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსთან თბილისში მოგებული (3:2) შეხვედრა შეაფასა.

„მას შემდეგ, რაც არბიტრმა ბარიშ ილმაზი გააძევა,​ ქართველებმა უპირატესობა მოიპოვეს, თამაში დაიძაბა და ავნერვიულდით. მომხდარზე დროული რეაგირება მოვახდინეთ და ვფიქრობთ, რომ ერთიანობა ვაჩვენეთ. ძალიან კარგი მატჩი იყო, მოგებამ ძალიან გაგვახარა.

ბედნიერები ვართ იმითაც, რომ ჩვენი ქვეყანა გავახარეთ. ყველა ცდილობს, ეროვნულ ნაკრებში ბოლომდე დაიხარჯოს და საუკეთესო თამაში აჩვენოს. ახლა შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ, რადგან ორ დღეში ესპანეთთან კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ეს მატჩები ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

თბილისში შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან ეს შესარჩევი ციკლი ამ მატჩით გავხსენით და მის შედეგზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული“, – განაცხადა მერიჰ დემირალმა.