„მერანის“ კამერუნელი მეკარე - საქართველო ჩემი მეორე სამშობლო გახდა
„მერანის“ კამერუნელი მეკარე - საქართველო ჩემი მეორე სამშობლო გახდა

„მარტვილის „მერანის“ მაქსიმუმი ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი ადგილია. რა თქმა უნდა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ლიდერი გუნდი ვიყოთ. ჩემს მწვრთნელთან, თანაგუნდელებთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებთ, დანარჩენი ბედის საქმეა“ – ამბობს მარტვილის „მერანის“ მეკარე ანდრე ნონოსი.

ნონოსი სამშობლოში პერსპექტიულ მეკარედ ითვლებოდა და კამერუნის ასაკობრივ ნაკრებებშიც ასპარეზობდა. კამერუნელი 11 წელია საქართველოში თამაშობს. მისი პირველი ქართული გუნდი 2009 წელს „სამტრედია“ გახლდათ, თუმცა დებიუტი მოგვიანებით მაშინდელ ცხინვალის „სპარტაკში“ ჰქონდა. შემდეგ იყო „ნორჩ დინამო“, სტუ, ტყიბულის „მეშახტე“, მარნეულის „ალგეთი“, და წყალტუბოს „სამგურალი“. ამ პერიოდში ქართული მშვენივრად აითვისა და თავისუფლად საუბრობს.

ნონოსის თქმით, საქართველოში საუკეთესო ლეგიონერ მეკარეებში მაინც მოხვდება: „საკუთარ თავზე ძნელია საუბარი, მაგრამ ვფიქრობ მეკარეთა ხუთეულში შეიძლება ვიყო. საუკეთესო მეკარე კი როინ კვასხვაძეა, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ ძალიან წარმატებულად თამაშობდა“.

როგორც თავად ამბობს, ის საქართველოსა და ქართველებზე შეყვარებულია: „11 წელია საქართველოში ვცხოვრობ და კარგი ქვეყანაა, ჩემი მეორე სამშობლო გახდა. ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხალხია. მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, იმედია მსოფლიოში ვირუსის გამო არსებული ვითარება მალე დალაგდება და ფეხბურთს ვითამაშებთ“.