მერაბ ვარძუკაშვილი – ბევრი მაგალითი ამტკიცებს, რომ ასეთი ტრავმის შემდეგ სპორტსმენებმა ფიზიკური ფორმა შეინარჩუნეს #1TVSPORT
ცნობილი ტრავმატოლოგი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი პირველ არხთან აცხადებს, რომ თანამედროვე მედიცინის პირობებში ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, მოედანს ისე დაუბრუნდეს, რომ ტრავმამ მის სპორტულ კონდიციებს დაღი არ დაასვას.
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მისთვის სეზონი დასრულებულია.
„თანამედროვე მედიცინა წინ წავიდა და კარგად დაგეგმილი და გათვლილი სარეაბილიტაციო პროცესი შეიძლება ისე წარიმართოს, რომ სპორტსმენის კარიერას დაღი არ დაასვას. ბევრი მაგალითი ამტკიცებს, რომ ასეთი ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ სპორტსმენებმა ფიზიკური ფორმა შეინარჩუნეს და შემდეგ ჩვეულ დონეს დაუბრუნდნენ.
როდის არის ეს შესაძლებელი? დროს ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ, რაც მცდარი დამოკიდებულებაა. ექიმები დაბრუნების საშუალო ვადად 9 თვეს ასახელებენ. თუმცა, ეს ინდივიდუალურია და სარეაბილიტაციო პერიოდის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლოა, ფეხბურთელი უფრო ადრეც დაუბრუნდეს მოედანს“.