მერაბ გიგაური - მიხარია, რომ „ტორპედოს" სუპერთასის მოპოვებაში დავეხმარე
მერაბ გიგაური - მიხარია, რომ „ტორპედოს" სუპერთასის მოპოვებაში დავეხმარე

მერაბ გიგაურის გოლით ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა.

შეგახსენებთ, რომ კახა ჩხეტიანის გუნდმა ქვეყნის ჩემპიონი „საბურთალო“ გორში გამართულ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი 70-ე წუთზე 25 წლის გიგაურმა გაიტანა – ის, რაც თავდამსხმელებმა ვერ მოახერხეს, გიგაურმა შეძლო და საბოლოოდ, „ტორპედოს“ საპატიო ტიტულთან ერთად ფეხბურთის ფედერაციისგან საპრიზო 50 ათასი ლარიც მოუტანა.

მატჩის ერთ-ერთმა გმირმა მერაბ გიგაურმა კომენტარი პირველ არხთან გააკეთა.

„ჩემი აზრით, „ტორპედომ“ დამსახურებულად მოიგო და დაამტკიცა, რომ საუკეთესო ქართული გუნდია. ახლა ფორმაში შევდივართ და მომენტების რეალიზაცია ამიტომ გაგვიჭირდა. მიხარია, ჩემი გოლით სუპერთასი რომ მოვიპოვეთ. შარშან სუპერთასი პირველად მოვიპოვეთ და წელს ტიტულის შენარჩუნება შევძელით. ყველაფერს საქართველოს ჩემპიონატი და ევროსეზონი გამოაჩენს. მაგრამ მჯერა, რომ წლეულს მაქსიმალური მიზნებისთვის ვიბრძოლებთ და ჩემპიონატშიც და თასზეც ჩვენს სიტყვას ვიტყვით. „ტორპედო“ ამბიციური გუნდია და ყველაფერის მოპოვება გვსურს. მთავარია, სეზონი კარგად დავიწყეთ და იმედია, ასეც გავაგრძელებთ“, – ამბობს პირველ არხთან მერაბ გიგაური.