მერაბ დვალიშვილს მომდევნო ბრძოლის ჩატარება ზაფხულში სურს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
მერაბ დვალიშვილს მომდევნო ბრძოლის ჩატარება ზაფხულში სურს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC), ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება. მერაბმა უკანასკნელ ბრძოლაში შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა. დვალიშვილმა რეიტინგის აწ უკვე ყოფილი მე-15 მებრძოლი, ამერიკელი კესი კენი დამაჯერებლად დაამარცხა. მერაბი ამერიკაში 10 მარტს ბრუნდება და ვარჯიშს განაახლებს, მანამდე კი ჩვენ მას რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე გამარჯვებას ძლიერ მეტოქესთან. იქნებ კენისთან მოგებულ ბრძოლაზე და მომავალ გეგმებზეც გვითხრა? როდის განაახლებ ვარჯიშს?

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ჩემი მეტოქე რეიტინგის მე-15 ნომერი იყო და მოხარული ვარ, რომ ის ასეთ სტილში დავამარცხე. ბრძოლა ძალიან აქტიურად ჩავატარე და შედეგიც ლოგიკური იყო. საქართველოში მხოლოდ 10 დღით ჩამოვედი და მალე, 10 მარტს, დავბრუნდები ნიუ იორკში და აქტიურ ვარჯიშს განვაახლებ.

ვისთან და როდის ისურვებდი მომდევნო ბრძოლის გამართვას?

მე მსურს, რომ აქტიური მებრძოლი ვიყო. ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად. როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადე, სიამოვნებით დავუპირისპირდებოდი შონ ომალის, რომელიც დაუმარცხებელია. მე მიყვარს დაუმარცხებელ მებრძოლებთან შეხვედრა და მათ სტატისტიკაში პირველი წაგების დაფიქსირება. ჩვენს დივიზიონს კიდევ ერთი კარგი მებრძოლი შეემატა და ეს ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი უმარ ნურმაგომედოვია. სიამოვნებით გავიზიარებდი ოქტაგონს მასთან. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, მე ნებისმიერი მეტოქესთვის მზად ვარ, ვისაც UFC შემომთავაზებს.

დატოვე კომენტარი