მერაბ დვალიშვილი RAF-ის ეგიდით მარლონ მორაესს დაუპირისპირდება #1TVSPORT
ცნობილი გახდა მერაბ დვალიშვილის მეტოქე 14 ნოემბერს აბუ დაბიში გასამართ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე. დვალიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრაზილიელ მარლონ მორაესს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ დვალიშვილი და მორაესი ერთმანეთს UFC-ში უკვე შეხვდნენ. 2021 წლის სექტემბერში UFC 266-ზე გამართულ ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა რთული პირველი რაუნდის შემდეგ უპირატესობა მოიპოვა და მეორე რაუნდში მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამოსვლა იქნება. ქართველმა ორგანიზაციაში ჩატარებული სამი შეხვედრიდან ორი მოიგო. მან ჯერ ფრენკი ედგარი დაამარცხა, შემდეგ კი თბილისში ჰენრი სეხუდოს აჯობა. აგვისტოში გამართულ განმეორებით დაპირისპირებაში სეხუდომ რევანში აიღო.
დვალიშვილი საჭიდაო ხალიჩაზე პიოტრ იანთან გამართული ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ სულ რაღაც სამ კვირაში დაბრუნდება. 24 ოქტომბერს UFC 333-ზე ქართველმა მებრძოლმა იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო და ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება ვერ მოახერხა.
რაც შეეხება მარლონ მორაესს, UFC-ს ყოფილი საჩემპიონო პრეტენდენტი RAF-ის ტურნირზე პირველად იასპარეზებს.
14 ნოემბრის ღონისძიება აბუ დაბის „ეტიჰად არენაზე“ გაიმართება. საღამოს მთავარი დაპირისპირება ხამზატ ჩიმაევსა და კოლბი კოვინგტონს შორის შედგება. ტურნირში ასევე მონაწილეობას მიიღებენ არმან ცარუკიანი, უმარ ნურმაგომედოვი და სხვა ცნობილი მებრძოლები.