მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ბრძოლის წინ – გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, რადგან მასზე მაღალი დონის მებრძოლი ვარ #1TVSPORT

11:30, 22.10.2026

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან UFC-ს სუპერმსუბუქი (61კგ) წონის საჩემპიონო ბრძოლის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„აბუ დაბიში ყოფნა ძალიან მახარებს. საბრძოლო კვირეულის რუტინა მიმდინარეობს – ვარჯიშები, წონის კლება და მედიასთან კომუნიკაცია.

ფორმაში ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მართალია, გადატვირთული გრაფიკი მქონდა, მაგრამ წუწუნი არ მჩვევია. პროფესიონალი ვარ და რამე რომც მაწუხებდეს, ოქტაგონზე მაინც გავალ. ახლა კი მოგების უდიდესი სურვილი მაქვს.

სანამ ზუსტ დროს გავიგებდი, დალოდება ნამდვილად სტრესული იყო. თუმცა როგორც კი თარიღი დადასტურდა, დაძაბულობა მომეხსნა. ჩხუბი ძალიან მომენატრა და მჯერა, რომ ახლა ჩემს საუკეთესო ვერსიას ვაჩვენებ.

რა თქმა უნდა, კონკურენტული გარემო მიყვარს. ჭიდაობამ მომცა საშუალება, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და მაყურებლის წინაშე გამოსვლის წნეხს შევჩვეოდი. საქართველოში უამრავი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა განსხვავებული ემოცია იყო. ამასთან, ამერიკის რამდენიმე შტატშიც ვიასპარეზე, რამაც დამატებითი გამოცდილება შემძინა და განვითარებაში დამეხმარა.

ეს მესამე შეხვედრაა. პირველად უპირატესობა ჩემ მხარეს იყო და გავიმარჯვე, მეორე დაპირისპირებაც ცალმხრივად წარიმართა, თუმცა ჩემთვის სავალალოდ დასრულდა. ახლა დარწმუნებული ვარ მოგებაში, რადგან მასზე მაღალი დონის მებრძოლი ვარ და ეს უნდა დავამტკიცო. მომზადებაში დიდი შრომა ჩავდე. ახლა მთავარია, გავიდე, ჩემი საქმე შევასრულო, გამარჯვება ვიზეიმო და მომდევნო კვირას უკვე მშვიდად დავისვენო.

მინდა, რომ პოზიტიურად ვიყო და ამ პროცესით ვისიამოვნო. მადლიერების გრძნობა სიმშვიდეს მანიჭებს. UFC-ში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და ახლა უკვე ამ რეალობაში ვცხოვრობ. მთავარია, ბოლომდე დავიხარჯო და ჩემი სტილი ვაჩვენო. შედეგის მიუხედავად, ბედნიერი ვიქნები, თუმცა ვიცი, რომ თუ ჩემს შესაძლებლობებს სრულად გამოვავლენ, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ“, – ამბობს დვალიშვილი.

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ბრძოლა 24 ოქტომბერს აბუ დაბიში ჩატარდება.

მსგავსი