მერაბ დვალიშვილი – მჯერა, რომ ილია თოფურია ამ რთულ პერიოდს გადალახავს, დაბრუნდება და კვლავ ჩემპიონი გახდება #1TVSPORT

16:02, 26.06.2026

მერაბ დვალიშვილმა MMA Junkie Radio-სთან ილია თოფურიას ბოლო ბრძოლის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ქართველი მებრძოლი ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა.

„ილია მსუბუქი წონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და პირადად ჩემთვის, ის მაინც ნამდვილ ჩემპიონად რჩება. მეორე რაუნდში მან ჯასტინი ნოკდაუნში ჩააგდო და მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. დარტყმების სერია რომ გაეგრძელებინა, აუცილებლად დააფინიშებდა, თუმცა თავადვე აღნიშნა, რომ ბრძოლის რაღაც განსაკუთრებული, ეპიკური ფორმით დასრულება სურდა და მახრჩობელა ილეთზე გადავიდა. დარწმუნებული ვარ, მეტოქის დაძინებას გეგმავდა, მაგრამ გეიჯიმ გონივრულად იმოქმედა, ოქტაგონზე დაწვა და ასე გადაურჩა წაგებას.

მსურს, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს ხაზი გავუსვა – პირველივე რაუნდიდან ილია ცალი თვალით ვეღარ ხედავდა. გეიჯის დიდ პატივს ვცემ, მან მართლაც მაგარი ბრძოლა ჩაატარა, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში თოფურიას თვალში თითი არალეგალურად მოარტყა, რამაც მასზე სერიოზულად იმოქმედა. როგორც ვიცი, ილიას ცხვირი და თვალბუდის ძვალი გაუტყდა. პრაქტიკულად უსინათლოდ და დამტვრეული ცხვირით მან ბოლომდე იბრძოლა, რითაც საოცარი სიმტკიცე და ნამდვილი მებრძოლი ხასიათი გამოავლინა.

ვულოცავ ჯასტინ გეიჯის, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ კარიერას არ დაასრულებს და რევანში აუცილებლად შედგება. მჯერა, ილია თოფურია მეორე და თუ შედგა, მესამე ბრძოლასაც მოიგებს. მოკლედ, ეს ჩემთვის უმძიმესი კვირა იყო, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს შრომობდა ის. გული დამწყდა მისი წაგების გამო, იმდენად ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვერც ვიძინებდი. მისი ასეთი მარცხის ყურება მართლაც გამანადგურებელი იყო.

თუმცა, მჯერა, რომ ილია ამ რთულ პერიოდს გადალახავს, დაბრუნდება, კვლავ ჩემპიონი გახდება და გამარჯვებების სერიას გააგრძელებს. მე ის მიყვარს და მთელ საქართველოსთან ერთად ვამაყობ მისით“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

მსგავსი