მერაბ დვალიშვილი - იმედია, ჩემი მეტოქე ტოპ 10-იდან იქნება | ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
მერაბ დვალიშვილი - იმედია, ჩემი მეტოქე ტოპ 10-იდან იქნება | ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

მერაბ დვალიშვილმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) რიგით მე-8 ბრძოლა 6 დეკემბერს უნდა ჩაატაროს. როგორც ცნობილი გახდა, მერაბის მეტოქე კოდი სტამანი კორონავირუსით დაინფიცირდა და მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლამდე ჯერ კიდევ ერთ თვეზე მეტია დარჩენილი, ამერიკელმა დვალშვილთან დაპირისპირებაზე უარი თქვა.

ამჟამად, პრომოუშენი ქართველი მებრძოლისთვის ახალ მეტოქეს ეძებს. დვალიშვილს ზედიზედ 5 გამარჯვება აქვს მოპოვებული. შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს კიდევ ერთი ქართველი გავა UFC-ის ოქტაგონზე. რომან დოლიძე ორგანიზაციაში რიგით მეორე ბრძოლას ბრაზილიელი ჯონ ალანის წინააღმდეგ ჩაატარებს. ჩვენ მერაბს ნიუ იორკში დავუკავშირდით და გადადებულ ბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

„ძალიან ცუდია, რომ კოდის კორონავირუსი დაუდასტურდა და ჩვენი ბრძოლა ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ 6 დეკემბრამდე დიდი დროა და სტამანი გამოჯანმრთელებას თავისუფლად მოასწრებს მან მაინც უარი თქვა ასპარეზობაზე. ამჟამად UFC ახალ მეტოქეს მირჩევს. დიდი იმედი მაქვს, რომ მეტოქე ტოპ 15-დან ან ტოპ 10-დან იქნება. მე ამას ვიმსახურებ. ვფიქრობ, ყველაფერი მომდევნო კვირას გაირკვევა. მე ვარჯიშს ჩვეულ რითმში ვაგრძელებ და ყველაფრისთვის მზად ვარ“.