მერაბ დვალიშვილი და რომან დოლიძე ერთ ქარდზე გამოვლენ - ინტერვიუ ქართველ მებრძოლებთან
მერაბ დვალიშვილი და რომან დოლიძე ერთ ქარდზე გამოვლენ - ინტერვიუ ქართველ მებრძოლებთან

6 დეკემბერი ქართული MMA-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ლას ვეგასში გასამართ UFC-ის მორიგ ქარდზე ერთდროულად ორი ქართველი – მერაბ დვალიშვილი და რომან დოლიძე იბრძოლებენ.

მერაბ დვალიშვილს მიჯრით 5 ბრძოლა აქვს მოგებული და მისი მეტოქე ამჯერად ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) რეიტინგის მეთორმეტე მებრძოლი კოდი სტამანი იქნება. ოქტაგონზე დაუმარცხებელი რომან დოლიძე კი პრომოუშენში რიგით მეორე დაპირისპირებას ბრაზილიელი ჯონ ალანის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ პირველად ორმა ქართველმა UFC-ის ერთ ქარდზე გასულ უქმეებზე, საბრძოლო კუნძულზე იასპარეზა. გიგა ჭიკაძემ ომარ მორალესი დაამარცხა, ილია თოფურიამ კი სადებიუტო დაპირისპირება იუსუფ ზალალს მოუგო.

რომანს და მერაბს ამერიკაში დავუკავშირდით და სასიხარულო ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

რომან დოლიძე – რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ მე და მერაბი ერთ ქარდზე ვიბრძოლებთ. ისიც მიხარია, რომ ბრძოლას ლას ვეგასში გავმართავ, რადგან მე აქ ვვარჯიშობ და აკლიმატიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ შემექმნება. სრული დატვირთვით და მობილიზებით მოვემზადები ბრძოლებისთვის. აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ბრძოლის ჩატარებაც ლას ვეგასში მსურს. ყველაფერს გავაკეთებთ მეც და მერაბიც, რომ ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ.

მერაბ დვალიშვილი – ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის ამ ინფორმაციის გაგება. რომანმა ამის შესხებ დაახლოებით 5-6 დღის წინ შემატყობინა. რა თქმა უნდა, ეს მოტივაციას გვიმაღლებს. მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად მიმდინარეობს, საკმაოდ ბევრი დროს მაქვს საუკეთესო ფორმაში შესასვლელად და მე ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ ღირსეულად წარვადგინოთ. აქვე გეტყვით ერთ საინტერესო ამბავს, შესაძლოა, ჩემი ბრძოლა „ქო-მეინ“ ანუ მთავარი ბრძოლის წინა დაპირისპირება იყოს.