მერაბ დვალიშვილი - ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, რუსეთი ამავეს აკეთებს უკრაინაში [ვიდეო] #1TVSPORT

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა. ქართველმა კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნლოვანი ორთაბრძოლა მოიგო და ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი ჟოზე ალდო დაამარცხა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა დვალიშვილის ჰაბიბთან მსგავსებაზე მიანიშნა, რაზეც ქართველმა მებრძოლმა ასეთი პასუხი გასცა:

„ყველა ადამიანი განსხვავებულია და ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის კოპირება. ხაბიბი გამორჩეულია, ის სპორტის ლეგენდაა, მაგრამ ჩვენ განვსხვავდებით. ორივე ერთი რეგიონიდან, კავკასიიდან ვართ. ჩვენი კულტურა ახლოს არის ერთმანეთთან. ისინი კავკასიონის ქედის ერთ მხარეს ცხოვრობენ, ჩვენ – მეორე მხარეს. ისინი მუსლიმები არიან, ჩვენ – ქრისტიანები. ხაბიბს ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ, მაგრამ ხაბიბი არ ვარ, მე მერაბ დვალიშვილი ვარ!

ხაბიბი რუსეთის სახელით იბრძვის. მისი ქვეყანა ერთ დროს დამოუკიდებელი იყო, ახლა რუსეთის შემადგენლობაშია. მადლობა ღმერთს, ეს დამოუკიდებელი საქართველოს რუკაა (მერაბმა ჟურნალისტებს საქართველოს რუკის მედალიონი აჩვენა). როცა მე დავიბადე, რუსეთმა ეს ნაწილი დაიპყრო (აფხაზეთი), 2008 ში კი ეს ტერიტორია (სამაჩაბლო). მინდა, ხმამაღლა ვთქვა – რუსეთი უკუპანტია! რუსეთს ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. რუსეთი ამავეს აკეთებს ახლა უკრაინაში. იღუპება უამრავი უდანაშაულო ადამიანი. ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ სიგიჟის შეჩერება“, განაცხადა მერაბ დვალიშვილმა ჟოზე ალდოს დამარცხების შემდეგ.