მერაბ ბაზაძე - საერთო აზრია, რომ საქართველომ მსოფლიო თასს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა #1TVSPORT
მერაბ ბაზაძე - საერთო აზრია, რომ საქართველომ მსოფლიო თასს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა #1TVSPORT

ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს თასი („თბილისის თასი 2022“) უმაღლეს დონეზე შეაფასა.

შეჯიბრებაში 50 ქვეყნის 400-მდე საუკეთესო წარმომადგენელი მონაწილეობს – სპორტსმენები ამ პრესტიჟულ ტურნირზე მოპოვებული ქულებით 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისთვისთვის რეიტინგების გაუმჯობესებას ცდილობენ.

„მსოფლიო თასის თბილისში ჩატარების უფლება 2 თვის წინ მოგვანიჭეს. საფრანგეთმა და ალჟირმა უარი განაცხადეს, ჩვენ კი მანამდე საერთაშორისო ფედერაციას ვაცნობეთ, რომ ამ ტურნირების საქართველოში ჩატარება გვსურდა. ეს უფლება მოგვცეს და ჩვენც იმედი არ გავუცრუეთ – ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ. საქართველომ მსოფლიო თასს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა – ეს ჩემი სიტყვები არაა, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელთა საერთო აზრია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ.

მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი ტურნირების ჩატარებას სამომავლოდაც შეეცდება.

„მსოფლიო თასის მასპინძლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისში 50-მდე ქვეყნის 400-მდე სტუმარი ჩამოვიდა. ეს სპორტული ტურიზმის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია და მომავალშიც შევეცდებით, რომ ასეთი დონის შეჯიბრებებს ხშირად ვუმასპინძლოთ“.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კომენტარი ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძის გამარჯვებაზეც გააკეთა.

„ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან საქართველოს მუდამ ჰყავდა მსოფლიო დონის მოფარიკავეები, მაგრამ მსოფლიო თასზე აქამდე ქართველს არ გაუმარჯვია. ამავე დროს, სანდროს ეს წარმატება მაიმედებს, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე საუკეთესო ფორმაში შესვლას და ჩვენი ოცნების ახდენას შეძლებს. ამავე დროს, ჩვენი მიზანია, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე მოხმალავე ვაჟთა გუნდმაც იასპარეზოს“.

დღეს, თბილისის ოლიმპიური სასახლე მოხმალავე ქალ-ვაჟთა მსოფლიო თასის („თბილისის თასი 2022“) დასკვნითი დღეა. ამჯერად გამარჯვებულები გუნდურ შეჯიბრებაში გაირკვევა.