მერაბ ბაზაძე - მსოფლიო თასის მასპინძლობა საქართველოს ფინანსურადაც წაადგება #1TVSPORT
მერაბ ბაზაძე - მსოფლიო თასის მასპინძლობა საქართველოს ფინანსურადაც წაადგება #1TVSPORT

თბილისის სპორტის სასახლე 27-29 მაისს დიდ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს – საქართველოში დაშნით მოფარიკავე ვაჟთა მსოფლიოს თასის ეტაპი ჩატარდება.

მსოფლიოს თასის ეტაპს თბილისმა იანვარში უმასპინძლა. ახლა ტურნირი არგენტინაში უნდა გამართულიყო, მაგრამ სამხრეთამერიკელებმა მასპინძლობაზე უარი თქვეს, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ბაზაძის თაოსნობით კი ტურნირი თბილისში გადმოიტანეს.

ერთ თვეში ანტალიაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება და ამის გამო თბილისში ყველა კონტინენტის უძლიერესი დაშნით მოფარიკავე გვესტუმრება.

თბილისის მსოფლიოს თასზე 10 უკრაინელი მოფარიკავეც იასპარეზებს. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა და მათი სასტუმროში დაბინავების, ერთობლივ შეკრებისა და შეჯიბრებაში მონაწილეობის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ახლა უმძიმესი მდგომარეობაა და სპორტსმენების მომზადება შეუძლებელია. მადლობელი ვარ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის და მისი პრეზიდენტის, რომელიც რთულ პერიოდში გვერდში დაგვიდგა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საუკეთესო პირობები შეგვიქმნა. ჩვენთვის ეს დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“, – ამბობს უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ სტანკევიჩი.

მერაბ ბაზაძე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი: 

  • „როდესაც არგენტინელებმა მსოფლიო თასზე უარი განაცხადეს, ჩვენ საერთაშორისო ფედერაცია წინასწარ გვყავდა გაფრთხილებული, რომ მსგავსი ვარიანტის შემთხვევაში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია სამასპინძლოდ მზად იყო. ამის გამოცდილებაც გვაქვს, იანვარში მსოფლიო თასს ვუმასპინძლეთ და საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები ორგანიზაციით კმაყოფილები დარჩნენ. გარდა იმისა, რომ ამ პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობა სპორტული კუთხით საამაყოა, ეს ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლებიცაა“.
დატოვე კომენტარი