მერაბ ბაზაძე - ისრაელში ექვსი ქართველი მოყვარული მოფარიკავე არალეგალურად დარჩა
მერაბ ბაზაძე - ისრაელში ექვსი ქართველი მოყვარული მოფარიკავე არალეგალურად დარჩა

ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე და ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე 2018 წლის 5 სექტემბერს ფედერაციაში გამართული საგანგებო ყრილობის შემდეგ გადადგნენ.

დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო სკანდალია. როგორც ირკვევა, ისრაელში ექვსი მოყვარული მოფარიკავე არალეგალურად დარჩა.

„პირველი არხი“ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ მერაბ ბაზაძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრა.

„მოყვარულმა სპორტსმენებმა მიმართეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას, რომ უნდოდათ ისრაელში წასვლა და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად საწვრთნელი შეკრების ჩატარება. საქართველოს ფედერაციამ მიმართა ისრაელის ფარიკაობის ფედერაციას, რომ გამოეგზავნათ მოწვევა, რაზეც დასტური მივიღეთ. ისრაელის ფარიკაობის ფედერაცია საქმის კურსში იყო, რომ მოყვარული სპორტსმენები ჩადიოდნენ.

ექვსი მოყვარული მოფარიკავე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და გენერალურ მდივან დავით სახვაძესთან ერთად შევიდნენ ქვეყანაში. გამოვიდა ისე, რომ სპორტსმენები დარჩნენ, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი უკან დაბრუნდნენ.

მჭედლიძემ და სახვაძემ, საქართველოში დაბრუნებისთანავე, წერილობით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ისრაელის ფარიკაობის ფედერაციამ კი საქმის კურსში ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია ჩააყენა. აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას სანქციები დაუწესდა (5000 ფრანკის ოდენობით). აგრეთვე, ზაზა მჭედლიძე და დავით სახვაძე გარკვეული დროით დისკვალიფიცირებულნი არიან“,- განაცხადა მერაბ ბაზაძემ.

გარდა ამისა, ბაზაძე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს. თუ როდის გაიმართება არჩევნები, ჯერ-ჯერობით უცნობია. მერაბ ბაზაძის თქმით, რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა, შესაძლოა, ორი თვის ვადაში გაიმართოს.