მექსიკის საზღვართან ვიზიტისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს
მექსიკის საზღვართან ვიზიტისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასის შტატში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა, სადაც მესაზღვრეებსა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში დონალდ ტრამპმა სამხრეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარული კრიზისი უწოდა.

მედიასთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით კონგრესთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, დიდი ალბათობით საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აბსოლუტური უფლება აქვს.

„ახლა თუ კონგრესთან შეთანხმებას არ მივაღწევთ, დიდი ალბათობით მე ამას გავაკეთებ. ვერ წარმომიდგენია, რა მიზეზით არ უნდა გავაკეთო, რადგან ამის უფლება მაქვს. კანონი 100 პროცენტით ჩემს მხარესაა. ასე რომ, ჩვენ უნდა შევძლოთ კონგრესთან შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დემოკრატები უარს აცხადებენ საზღვარზე კედლის ასაშენებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე. ამის გამო კონგრესმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა და ფედერალურ მთავრობას დაფინანსება შეუჩერდა. ამგვარად, 22 დეკემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შატდაუნი გამოცხადდა, ანუ ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. 800 000-მდე საჯარო მოხელე იძულებული გახდა, უხელფასო შვებულებაში გასულიყო.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მას საშუალებას მისცემს, კედლის მშენებლობის დასაწყებად სამხედროები კონგრესის თანხმობის გარეშე გაგზავნოს. ამგვარად, კედლის მშენებლობის ხარჯები თავდაცვის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.