მეორე ოქრო კონტინენტის პირველობაზე - ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ახალგაზრდა ლუკა მაისურაძე (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სერბი დარკო ბრასნიოვიჩი აშკარა უპირატესობით დაამარცხა.

ეს ლუკასთვის პირველი ოქროს მედალია (დიდებში) კონტინენტის პირველობაზე, მანამდე მას ევროპის ჩემპიონატზე კადეტებში და იუნორებში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული. მაისურაძე მსოფლიოს 2019 წლის და ევროპის 2019, 2020 წლების ბრინჯაოს მედლის მფლობელია (81კგ-ში).

დღესვე, ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გურამ თუშიშვილი. იგი ნახევარფინალში ნიდერლანდელ სპაიკერსთან იპონით დამარცხდა და მესამე ადგილისთვის უკრაინელ იაკივ ხამოს შეხვდება.

ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ვარლამ ლიპარტელიანსაც (100კგ), მაგრამ ნაკრების კაპიტანი რეპეჟაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა. ევროპირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ილია სულამანიძე და სოფიო სომხიშვილი.

კონტინენტის პირველობაზე, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.

ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო.