მეორე ბრინჯაო რუსეთიდან, მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა - ეკატერინბურგის „გრანდ სლემი“ [ვიდეო]

რუსეთში მიმდინარე წლის რიგით მესამე „გრანდ სლემის“ მეორე დღეს, ერთადერთი ქართველი, ვინც ფინალურ ბლოკში მოხვდა ლუკა მაისურაძე იყო, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ნაკრებს ტურნირზე რიგით მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და მოლდოველი შემდეგ კი მონღოლი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. მეოთხედფინალში მაისურაძემ ბელგიელი მსოფლიოს ჩემპიონის, ბელგიელი მატიას კასის ბარიერი ვერ დაძლია, რომელთანაც დამატებით დროში წააგო და რეპეშაჟში გადაერთო. დამამშვიდებელი რაუნდის პირველ წრეში ლუკამ რუმინელ მარსელ ჩერჩას მოუგო და მედლისთვის ბრძოლაში მსოფლიოს ჩემპიონს, ფრანკ დე ვიტს დაუპირისპირდა. მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერ ჰოლანდიელთან მაისურაძემ აქტიურად დაიწყო და წუთსა და 37 წამში შესრულებული ეფექტური იპონით დამსახურებული მედალიც მოიპოვა.

ამავე წონაში, პირველივე ორთაბრძოლა დათმო ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონთან, ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.

ორივე ქართველი პირველივე წრეში დამარცხდა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, მასპინძელთა წარმომადგენელ ევგენი პროკოპჩუკთან ორ წუთსა და ცხრა წამში წააგო.

ასევე რუსეთის ნაკრების წევრთან და ასევე ვადამდე დამარცხდა ვალერი იაშვილიც, რომელმაც გეორგი ელბაკიევის ბარიერი ვერ დაძლია.

ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს მედლები ვაჟთა დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. 90 კილოგრამში საქართველოს ღირსებას უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი დაიცავენ. 100 კილოგრამში ნოდარ მეტრეველის განკარგულებაში ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი არიან, მძიმე წონაში კი მედლებისთვის ბრძოლას გელა ზაალიშვილი შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინბურგის „გრანდ სლემზე“ საქართელოს ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს, რომელიც ტურნირის პირველ დღეს ბაგრატ ნინიაშვილმა ( 66 კგ. ) მოიპოვა.