მემორანდუმი ამოქმედდა - სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის C ლიცენზიის კურსი დაიწყო #1TVSPORT
მემორანდუმი ამოქმედდა - სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის C ლიცენზიის კურსი დაიწყო #1TVSPORT

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სპეციალიზირებული კურსი დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.

კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა – პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ზამთარაძემ, ასევე სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ.

მათ თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელთა განათლების როლზე ისაუბრეს და მომავალ საქმიანობაში კურსის თითოეულ მონაწილეებს წარმატება უსურვეს. უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 18 მონაწილე ირიცხება. სწავლების პროცესი სრულ შესაბამისობაშია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ყველა მონაწილეს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.

სემინარის გამართვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად გახდა შესაძლებელი, რომელიც წელს გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, სპორტის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, კურსდამთავრებულების და აქტიური სტუდენტების უეფა-ს სამწვრთნელო განათლების C ლიცენზიის კურსზე სწავლას უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.